მომსახურების ხელშეკრულება „ი-სპეის“ მუხლი 1. პრეამბულა და მხარეთა რეკვიზიტები წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულება (შემდგომში — „ხელშეკრულება“) წარმოადგენს საჯარო შეთავაზებას და განსაზღვრავს შპს „ი-სპეის“-სა (შემდგომში — „კომპანია“) და მომხმარებელს შორის ურთიერთობის სამართლებრივ საფუძვლებს. კომპანიის რეკვიზიტები: საფირმო სახელწოდება: შპს „ი-სპეის“ საიდენტიფიკაციო კოდი: 405147087 იურიდიული მისამართი: თბილისი, საქართველო ელექტრონული ფოსტა: info@e-space.ge ვებგვერდი: www.e-space.ge საკონტაქტო ტელეფონი: +995 032 243 34 73 კომპანია ოპერირებს e-space ბრენდის ქვეშ და წარმოადგენს ელექტრომანქანების დამტენების მართვის პლატფორმის (შემდგომში — „პლატფორმა“) მფლობელს და ოპერატორს. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები თუ ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: „ხელშეკრულება“ — წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულება ყველა დანართთან და განახლებასთან ერთად. „კომპანია“ — შპს „ი-სპეის“ (ს/კ 405147087). „პლატფორმა“ — ი-სპეის-ის ციფრული სისტემა, რომელიც მოიცავს აპლიკაციას, ბექ-ოფისს და გადახდის სისტემას. „აპლიკაცია“ — კომპანიის საკუთრებაში არსებული მობილური პროგრამული უზრუნველყოფა „e-space car charging“ (მოკლედ: „e-space“), ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებზე. „მომხმარებელი“ — ფიზიკური ან იურიდიული პირი (მისი კანონიერი წარმომადგენელი), რომელმაც გაიარა რეგისტრაცია აპლიკაციაში. „რეგისტრაცია“ — მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში მოთხოვნილი მონაცემების შეყვანისა და ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის პროცესი. „ავტორიზაცია“ — მომხმარებლის პირადი ანგარიშის გამოყენებით აპლიკაციაში შესვლის პროცესი; საჭიროებისამებრ გამოიყენება SMS კოდი ან სხვა მეთოდი. „პარტნიორი“ — იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც B2B ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობს პლატფორმით. „ი-სპეის-ის დამტენი“ — კომპანიის საკუთრებაში არსებული AC ან DC ელექტრომანქანების დამტენი. „პარტნიორის დამტენი“ — პარტნიორის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული AC ან DC ელექტრომანქანების დამტენი. „საჯარო დამტენი“ — დამტენი, რომლითაც სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს. „არასაჯარო დამტენი“ — დამტენი, რომლითაც სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს კომპანიის/პარტნიორის მიერ განსაზღვრულ პირთა წრეს და განსაზღვრავს წვდომას დამტენზე. დამტენის სესია — ელ. მანქანის ბატარეის დამუხტვის პროცესი, რომელიც იწყება მომხმარებლის მიერ სესიის გააქტიურებით და სრულდება დამუხტვის დასრულებით ან მომხმარებლის მიერ შეჩერებით. „ტარიფი“ — კონკრეტული დამტენის გამოყენებისათვის დაწესებული საფასური (kWh ან წუთი), ნაჩვენებია სესიის დაწყებამდე. „წინასწარი ჩამოჭრა“ (Pre-authorization) — ბარათიდან სესიამდე ჩამოჭრილი ოდენობა; გამოუხარჯავი ნაწილი უბრუნდება მომხმარებელს. „ხურდა“ — წინასწარი ჩამოჭრის გამოუხარჯავი ნაწილი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას. „გადახდის პროცესორი“ — კომპანიის მიერ გადახდების დამუშავებისთვის გამოყენებული საფინანსო ინსტიტუტი, ამჟამად სს „საქართველოს ბანკი“. „Idle Fee“ (დამლოდინის გადასახადი) — დამატებითი საფასური დამუხტვის შემდეგ განსაზღვრულ ვადაში გამოუერთებლობისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში. „ფორს-მაჟორი“ — განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მხარის კონტროლს სცდება და ვალდებულების შესრულებას შეუძლებელს ხდის. „სამუშაო დღე“ — ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კანონით დადგენილი უქმე დღეების გამოკლებით. მუხლი 3. ხელშეკრულების საგანი და პლატფორმის სტრუქტურა 3.1. კომპანიის მომსახურება კომპანია მომხმარებელს უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებით:
-
ი-სპეის-ის აპლიკაციის გამოყენების უფლებით — ელ. მანქანების დამტენების ძიება, სტატუსის გაგება და სესიის მართვა;
-
ი-სპეის-ის საკუთარი AC და DC დამტენებით სარგებლობის უფლებით შესაბამისი ტარიფის სანაცვლოდ;
-
გადახდის სისტემის უზრუნველყოფით სს „საქართველოს ბანკის“ პროცესორის მეშვეობით;
-
მომხმარებლის მხარდაჭერის სერვისით.
3.2. პარტნიორის დამტენები — პლატფორმის მომსახურება პარტნიორის დამტენებთან მიმართებით კომპანია წარმოადგენს პლატფორმის ოპერატორს და არა მომსახურების გამწევს:
-
პარტნიორი უზრუნველყოფს მომსახურებას და განსაზღვრავს ტარიფს;
-
კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ გადახდის სისტემისა და აპლიკაციის ფუნქციონირებაზე.
3.3. სავალდებულო ინფორმაცია სესიამდე სესიის დაწყებამდე კონკრეტული დამტენის გვერდზე ნათლად ეჩვენება: დამტენის მფლობელი; მოქმედი ტარიფი; გადახდის მექანიზმი; Idle Fee-ს პირობები (ასეთის არსებობისას). სესიის დაწყება წარმოადგენს გადახდის ვალდებულების წარმოშობის დადასტურებას. მუხლი 4. ხელშეკრულების ძალაში შესვლა 4.1. დადების წესი ხელშეკრულება წარმოადგენს დისტანციურ ხელშეკრულებას. ძალაში შედის რეგისტრაციის პროცესში „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ ღილაკზე დაჭერის მომენტიდან. 4.2. მოქმედების ვადა ხელშეკრულება იდება განუსაზღვრელი ვადით. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც განხორციელდება უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებლებზე, ატარებს იმავე სამართლებრივ ძალას, რაც რეგისტრაციისას დადასტურებული წესები და პირობები. 4.3. 14-დღიანი უარის თქმის უფლება მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დადებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ელ. მისამართი: info@e-space.ge ან კომპანიის იურიდიული მისამართი. 4.4. 14-დღიანი უარის თქმის გამონაკლისი დამტენის სესიის დაწყება 14-დღიანი ვადის განმავლობაში ნიშნავს, რომ მომხმარებელი სთხოვს კომპანიას მომსახურების დაუყოვნებლივ გაწევას და კარგავს 14-დღიანი უარის უფლებას გაწეული სერვისის ნაწილში. მუხლი 5. განცხადებები და გარანტიები 5.1. მომხმარებლის განცხადებები ხელშეკრულებაზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს:
-
არის ქმედუნარიანი პირი, მოქმედებს თავისუფალი ნების საფუძველზე;
-
კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება;
-
ფიზიკური პირი: სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ.ფოსტა — სრული და ზუსტია;
-
იურიდიული პირი: ს/კ, დასახელება და სხვა მონაცემები — სრული და ზუსტია;
-
საბანკო ბარათი კანონიერად ეკუთვნის მომხმარებელს;
-
გაეცნო პარტნიორის დამტენებზე კომპანიის შეზღუდული პასუხისმგებლობის პირობებს.
5.2. კომპანიის განცხადებები კომპანია ადასტურებს: სათანადოდ რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით; უზრუნველყოფს პლატფორმის გამართულ ფუნქციონირებას; ამუშავებს მონაცემებს კანონიერი საფუძვლით. მუხლი 6. რეგისტრაცია და ავტორიზაცია 6.1. რეგისტრაციის პროცედურა სრული ფუნქციონალი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლისთვის. არარეგისტრირებული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია აპლიკაციის შეზღუდული ვერსია. რეგისტრაციისთვის:
-
ჩამოტვირთვა: App Store ან Google Play — „e-space car charging“;
-
მობილური ტელეფონის ნომრის მითითება;
-
ფიზიკური პირი: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა; იურიდიული პირი: ს/კ, დასახელება, საკონტაქტო ინფო;
-
საბანკო ბარათის დაკავშირება;
-
სავალდებულო: „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“;
-
არასავალდებულო (წინასწარ მონიშნული, მოხსნა შესაძლებელია): „ვეთანხმები ჩემი მონაცემების გამოყენებას მარკეტინგული მიზნებით (push, SMS, ელ.ფოსტა, სოციალური და ანალიტიკური პლატფორმები)“.
6.2. საბანკო ბარათის დაკავშირება ბარათის მონაცემები გადაეცემა სს „საქართველოს ბანკს“. კომპანია ინახავს მხოლოდ ბარათის token-ს. ბარათის მონაცემების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია გადახდის პროცესორი. 6.3. ავტორიზაცია მომხმარებლის ავტორიზაცია ხდება აპლიკაციაში შესვლისას. საჭიროებისამებრ გამოიყენება SMS კოდი ან სხვა ავტორიზაციის მეთოდი. 6.4. ანგარიშის უსაფრთხოება მომხმარებელი ვალდებულია: არ გაუმჟღავნოს ავტორიზაციის კოდი მესამე პირს; მოწყობილობის გადაცემისას წაშალოს აპლიკაცია; კომპრომეტირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს info@e-space.ge-ზე. კომპანია 1 სამუშაო საათში განიხილავს ანგარიშის დაბლოკვის მოთხოვნას. მუხლი 7. მომხმარებლის უფლება-მოვალეობები 7.1. მომხმარებლის უფლებები
-
ისარგებლოს პლატფორმის მომსახურებით;
-
მიიღოს სრული ინფორმაცია ტარიფის, სტატუსისა და მფლობელის შესახებ;
-
მიმართოს კომპანიას ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში;
-
მოითხოვოს სადავო გადახდის გადამოწმება და დაბრუნება;
-
გააუქმოს რეგისტრაცია ნებისმიერ დროს;
-
უარი თქვას ხელშეკრულების ცვლილებაზე;
-
მოითხოვოს პირადი მონაცემების წაშლა;
-
მიმართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს.
7.2. მომხმარებლის ვალდებულებები
-
დარეგისტრირდეს მხოლოდ საკუთარი სახელით და ზუსტი მონაცემებით;
-
არ გადასცეს ანგარიშზე წვდომა მესამე პირს;
-
გამოიყენოს მხოლოდ სერტიფიცირებული სადენი — გადამყვანის/დამაგრძელებლის გამოყენება აკრძალულია;
-
გამოაერთოს ელ. მანქანა კომპანიის მიერ განსაზღვრულ ვადაში;
-
ხარვეზის შესახებ შეატყობინოს კომპანიას 12 საათის ვადაში;
-
არ სცადოს აპლიკაციის პროგრამულ ნაწილში შეღწევა ან შეცვლა;
-
არ გამოიყენოს კომპანიის ლოგო ან სასაქონლო ნიშანი;
-
შეასრულოს ყველა ფინანსური ვალდებულება.
მუხლი 8. კომპანიის უფლება-მოვალეობები 8.1. კომპანიის უფლებები
-
შეცვალოს ხელშეკრულების პირობები საფუძვლიანი მიზეზით;
-
შეაჩეროს ან გააუქმოს მომხმარებლის წვდომა პირობების დარღვევისას;
-
დაამატოს ახალი სერვისები;
-
გაუგზავნოს სერვისთან დაკავშირებული შეტყობინებები;
-
გამოიყენოს მარკეტინგული თანხმობის მქონე მომხმარებლების მონაცემები — push, SMS, ელ.ფოსტა, სოციალური და ანალიტიკური პლატფორმები;
-
განსაზღვროს არასაჯარო დამტენებით სარგებლობის პირობები.
8.2. კომპანიის ვალდებულებები
-
უზრუნველყოს პლატფორმის, აპლიკაციისა და გადახდის სისტემის გამართული ფუნქციონირება;
-
სესიამდე ნათლად აჩვენოს ტარიფი, მფლობელი და გადახდის პირობები;
-
გაყინოს ნაჩვენები ტარიფი სესიის მთელ განმავლობაში;
-
პარტნიორს მიანიჭოს წვდომა მხოლოდ ანონიმიზებულ ID-ებზე და ტრანზაქციის დეტალებზე — მომხმარებლის პერსონალური მონაცემები პარტნიორისთვის მიუწვდომელია; იურიდიული პირის შემთხვევაში ეჩვენება ს/კ და დასახელება, მაგრამ არა პირადი ინფო;
-
გადახდის შეცდომის შემთხვევაში გაასწოროს ხარვეზი;
-
კონფიდენციალურად დაიცვას მომხმარებლის ინფორმაცია;
-
უზრუნველყოს მხარდაჭერა: info@e-space.ge, +995 032 243 34 73.
მუხლი 9. ტარიფი და გადახდის პირობები 9.1. ტარიფის სახეები კილოვატ-საათი (kWh) — მოხმარებული ელ. ენერგიის მიხედვით; დროზე დაფუძნებული (წუთობრივი) — სესიის ხანგრძლივობის მიხედვით. ი-სპეის-ის დამტენების ტარიფს განსაზღვრავს კომპანია, პარტნიორის — პარტნიორი. 9.2. ტარიფის ჩვენება და გაყინვა სესიის დაწყებამდე კონკრეტული დამტენის გვერდზე ნათლად ეჩვენება ტარიფი, ტარიფის სახე და გადახდის მექანიზმი. სესიის დაწყება ნიშნავს ნაჩვენები ტარიფის მიღებას. ტარიფი იყინება სესიის განმავლობაში. 9.3. გადასახადები ყველა ტარიფი მოიცავს ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ-ს 18%-ის ოდენობით (საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლი). 9.4. გადახდა და ფისკალური დოკუმენტი გადახდა ხორციელდება ბარათიდან ავტომატური ჩამოჭრით. მუხლი 10. წინასწარი ჩამოჭრის მექანიზმი (Pre-authorization) 10.1. ვარიანტი ა) — სრული დამუხტვა
-
სესიამდე ჩამოიჭრება პირველი წინასწარი თანხა;
-
გახარჯვის შემდეგ ავტომატურად ჩამოიჭრება მომდევნო თანხა;
-
სესიის ბოლოს ხურდა ბრუნდება 3 სამუშაო დღეში;
-
საჭიროა პირველი ჩამოჭრის ოდენობა ბარათზე — წინააღმდეგ შემთხვევაში სესია ვერ დაიწყება.
10.2. ვარიანტი ბ) — ფიქსირებული თანხა
-
მომხმარებელი მიუთითებს სასურველ თანხას — მინიმუმი 1 (ერთი) ლარი;
-
მითითებული თანხა სრულად ჩამოიჭრება სესიამდე;
-
თანხის გახარჯვის შემდეგ სესია ავტომატურად წყდება;
-
ხურდა ბრუნდება 3 სამუშაო დღეში.
10.3. ბარათის ვალიდაცია ვალიდაცია ხორციელდება 0 (ნული) ლარის ავტორიზაციით — მომხმარებლის ანგარიშიდან თანხა არ ჩამოიჭრება. ვალიდაცია არ გულისხმობს გადახდის ვალდებულების წარმოშობას. 10.4. გვიანი ჩამოჭრა ტრანზაქციის მონაცემების გვიანი დამუშავების გამო შეიძლება თანხა ჩამოიჭრას სესიის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ. ეს ტექნიკური გარემოებაა და არ ცვლის მომხმარებლის ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული სერვისის საფასური. მუხლი 11. Idle Fee — დამლოდინის გადასახადი Idle Fee ამჟამად არ გამოიყენება ი-სპეის-ის არცერთ დამტენზე. შემოღების შემთხვევაში: ოდენობა და პირობები ნათლად ნაჩვენები იქნება კონკრეტული დამტენის გვერდზე; Idle Fee-ს არარსებობის შემთხვევაშიც მომხმარებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში გამოაერთოს ელ. მანქანა. მუხლი 12. თანხის დაბრუნება 12.1. ხურდის ავტომატური დაბრუნება სესიის დასრულებისას ხურდა ბრუნდება 3 (სამი) სამუშაო დღეში იმავე ბარათზე. ფაქტობრივი ჩარიცხვა შეიძლება დამატებით გაგრძელდეს ბანკის პროცესინგის ვადით (1–5 საბანკო დღე) — ეს კომპანიის კონტროლის მიღმაა. 12.2. სადავო გადახდა სადავო გადახდისას მომხმარებელი მიმართავს info@e-space.ge-ს სესიის ID-ით, თარიღითა და სადავო თანხით. კომპანია განიხილავს 5 სამუშაო დღეში. ბრალეულობის დადასტურებისას თანხა ბრუნდება 5 სამუშაო დღეში. 12.3. ხელშეკრულებაზე 14-დღიანი უარის შემთხვევა ხელშეკრულებაზე უარის თქმისას კომპანია გადახდილ თანხას უბრუნებს მომხმარებელს 14 კალენდარული დღეში. 12.4. დაბრუნების გამონაკლისები თანხა არ ბრუნდება თუ: სესია სრულად დასრულდა და ჩამოჭრილი თანხა ზუსტად შეესაბამება მიღებულ სერვისს; Idle Fee ჩამოიჭრა კანონიერად — მომხმარებელმა დამტენი არ გამოაერთო განსაზღვრულ ვადაში. მუხლი 13. პასუხისმგებლობის გამიჯვნა და შეზღუდვა 13.1. კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები კომპანია პასუხისმგებელია: პლატფორმის, აპლიკაციისა და გადახდის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის; ი-სპეის-ის საკუთარი AC და DC დამტენების ტექნიკური გამართულობისთვის; ტარიფის სესიაში გაყინვისთვის; გადახდის შეცდომით გამოწვეული ზიანისთვის. 13.2. კომპანიის პასუხისმგებლობის გამოსარიცხი გარემოებები კომპანია არ არის პასუხისმგებელი: პარტნიორის დამტენის გაუმართაობაზე და დამტენით სარგებლობისას გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე; სერტიფიცირებული კაბელის ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ზიანზე; ელ. მანქანის გაუმართაობით გამოწვეულ ზიანზე; ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეულ ზიანზე; მესამე პირების ქმედებებით; ყალბი აპლიკაციის გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე. 13.3. აბსოლუტური პასუხისმგებლობა — ვერ გამოირიცხება კომპანიის პასუხისმგებლობა ვერ გამოირიცხება: მომხმარებლის გარდაცვალება ან ჯანმრთელობის დაზიანება კომპანიის მოქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეულ შემთხვევაში; კომპანიის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანი. მუხლი 14. ფორს-მაჟორი ფორს-მაჟორად მიიჩნევა გარემოება, რომელიც: წარმოიშვა მხარის ნების მიუხედავად; შეუძლებელს ხდის ვალდებულების შესრულებას; ვერ იქნებოდა გათვალისწინებული გონივრული ზომებით. ფორს-მაჟორი მოიცავს: სტიქიურ უბედურებას; ეპიდემიას/პანდემიას; სამხედრო მოქმედებებს; სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას; ელ. ენერგიის სისტემურ შეფერხებას; საბანკო სისტემის სრულ გათიშვას; კიბერ-შეტევას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ფორს-მაჟორის შემთხვევაში: შეტყობინება 3 სამუშაო დღეში; ვალდებულებები შეჩერებულია; 60 კალენდარულ დღეზე მეტ ვადაზე გაგრძელებისას — ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება. მუხლი 15. შეტყობინებები კომპანიის მხრიდან: push ნოტიფიკაცია, SMS ან ელ.ფოსტა — ჩაბარებულად მიიჩნევა გაგზავნის მომენტიდან. მომხმარებლის მხრიდან: info@e-space.ge; +995 032 243 34 73; კომპანიის იურიდიული მისამართი. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განაახლოს საკონტაქტო მონაცემები. მუხლი 16. პირობების ცვლილება კომპანიას უფლება აქვს შეცვალოს ხელშეკრულების პირობები საფუძვლიანი მიზეზით. ცვლილება ქვეყნდება მხოლოდ აპლიკაციაში და ძალაში შედის გამოქვეყნებასთანავე. მომხმარებელი პირველი გახსნისას პირდაპირ დახვდება ახალ პირობებს ლინკით: „ვეთანხმები“ — გრძელდება; „არ ვეთანხმები“ — აპლიკაცია იხურება, ანგარიში რჩება. ცვლილებამდე დაწყებული სესიები სრულდება ძველი პირობებით. მუხლი 17. ხელშეკრულების შეწყვეტა 17.1. მომხმარებლის ინიციატივით მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება: აპლიკაციაში „ანგარიშის წაშლით“; ელ.ფოსტით info@e-space.ge; ტელეფონით +995 032 243 34 73. ხელშეკრულება შეწყდება 3 სამუშაო დღეში გადაუხდელი ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში. 17.2. კომპანიის ინიციატივით კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს: განცხადებული გარანტიების დარღვევისას; ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობისას; პროგრამულ ნაწილში შეღწევის მცდელობისას; ყალბი ინფორმაციის მიწოდებისას; კანონმდებლობის მოთხოვნისას. 17.3. შეწყვეტის შედეგები შეწყვეტამდე წარმოშობილი ვალდებულებები ძალაში რჩება. მონაცემები წაიშლება კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრულ ვადებში. მუხლი 18. დავის გადაწყვეტა ნებისმიერი დავა პირველ ეტაპზე გადაწყდება მოლაპარაკებით — 30 კალენდარული დღე. მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. შეუთანხმებელი დავა — თბილისის საქალაქო სასამართლო. ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 19. დამატებითი დებულებები მარეგულირებელი კანონმდებლობა: საქართველო. ენა: ქართული პრიორიტეტული. ელექტრონული ხელმოწერა: „ვეთანხმები“ ღილაკი წარმოადგენს სავალდებულო თანხმობას. განუყოფლობა: ნებისმიერი პუნქტის ბათილობა არ ეხება დანარჩენ პუნქტებს. უფლებების გადაცემა: კომპანიას შეუძლია შეტყობინებით; მომხმარებელს — არა. სრულყოფილობა: ხელშეკრულება კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად წარმოადგენს სრულ შეთანხმებას. © შპს „ი-სპეის“ — ყველა უფლება დაცულია