ელექტრომობილების ისტორია

2016 წელს მსოფლიო მასშტაბით ელექტროძრავიანი ავტომობილების ჯამურმა რაოდენობამ გადააჭარბა 2 მილიონს, საიდანაც მხოლოდ 2016 წელს 750,000 ელექტროძრავიანი მანქანა გაიყიდა.

ელექტროძრავიანი მანქანების რაოდენობით მსოფლიო ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ნორვეგია, სადაც გაყიდული ავტომობილებიდან 29% ელექტროა. ბევრ ქვეყანას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს ამ მიმართულებით. მაგალითად, ჩინეთი ვარაუდობს, რომ 2019 წელს გაყიდული მანქანების ჯამურ რაოდენობაში ელექტროძრავიანების წილი 10%-ს შეადგენს, ხოლო 2020 წელს კი – 20%-ს. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთის გეგმით 2040 წლისთვის ამ ქვეყნებში მხოლოდ ელექტროძრავიანი მაქნანები გაიყიდება, ნორვეგია კი ამ გეგმის ამოქმედებას 2025 წელს აპირებს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე 120,000 საჯარო დამტენზე მეტია განთავსებული.

რა არის ელექტროძრავიანი მანქანა?

არსებობს ელექტროძრავიანი ავტომობილების ოთხი სახეობა:

1. სტანდარტული ჰიბრიდული ავტომობილი(HEVHybrid Electric Vehicle)

HEV ელექტროძრავიანი მანქანის ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რადგან უკვე 20 წელზე მეტია, რაც გაყიდვაში გამოვიდა პირველი Toyota Prius. ჰიბრიდული ძრავი დაბალი სიჩქარით მოძრაობისთვის იყენებს ელექტროძრავს, ამიტომ, ქალაქის პირობებში გამონაბოლქვის გარეშე გადაადგილდება, დამუხრუჭებისას კი „იბრუნებს“ მუხტის ნაწილს, ანუ აქვს რეკუპერაციის საშუალება.

2. დასამუხტი ჰიბრიდული ავტომობილი(PHEVPlug-in Hybrid Electric Vehicle)

სტანდარტული ჰიბრიდული ავტომობილის მსგავსად, დასამუხტი ჰიბრიდიც ნაწილობრივ იყენებს ეlექტროძრავს, თუმცა სხვაობა იმაშია, რომ მისი დატენვა გარე დამტენით არის შესაძლებელი. ამ ტიპის ავტომობილს, როგორც წესი, უფრო დიდი მანძილის გავლა შეუძლია ელექტროძრავით.

3. სრულად ელექტრო ავტომობილი,ანუ ელექტრომობილი(BEVBattery Electric Vehicle)

ელექტრომობილები გაყიდვაში 2010 წლის ბოლოდან გამოჩნდა. ეს მანქანა მოძრაობაში მხოლოდ ელექტროძრავს მოყავს, რომელიც იმუხტება მხოლოდ გარე დამტენის მეშვეობით. ევროპაში გაყიდული ელექტროძრავიანი ავტომობილების ნახევარს სრულად ელექტრო მანქანები შეადგენს. ყველაზე გაყიდვად მოდელებს შორის არის Nissan Leaf, Tesla S, Renault Zoe. ერთი დამუხტვით ელექტრომობილის სხვადასხვა მოდელებს შეუძლიათ 100-დან 400-ზე მეტი კილომეტრის გავლა.

4. წყალბადზე მომუშავე ავტომობილი(FCEVFuel Cell Electric Vehicle)

ამ ტიპის ავტომობილი მოძრაობაში მოყავს ელექტროძრავს, რომელიც „იკვებება“ წყალბადის ელემენტით – ამ ელემენტის შიგნით წყალბადის და ჰაერიდან მიღებული ჟანგბადის რეაქციის შედეგად მიიღება წყალი. სწორედ ამ ქიმიურ პროცესს მოყავს მანქანა მოძრაობაში.

ელექტრომობილის ისტორია:

მიუხედავად იმისა, რომ ელექტროძრავიანი მანქანები ჯერ მხოლოდ თვითდამკვიდრების პროცესშია, ეს ტექნოლოგია თითქმის ორ საუკუნეს ითვლის – პირველი ექსპერიმენტული ელექტრომობილი 1830 წელს შეიქმნა. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი, არსებული ავტომობილების უმეტესობა უკვე ელექტრო იყო. მათი პოპულარობა იგივე ფაქტორებმა განაპირობა რაც დღევანდელ რეალობაში: ისინი გამონაბოლქვის და ხმაურის გარეშე მოძრაობდნენ, უფრო სწარაფად შეეძლოთ ადგილიდან დაძვრა და მოძრაობაც მგზავრებისთვის ბევრად კომფორტული იყო.

პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილმა საწვავის კრიზისმა კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა ეს ტექნოლოგია, თუმცა „დიდი დეპრესიის“ ხანამ, 1930-იან წლებში ბევრი ავტომწარმოებელი გააკოტრა და ელექტრომობილების რაოდენობამაც იკლო.

21 საუკუნის გარემოს დაცვის გამოწვევებმა ხელახლა ჩაუყარა საფუძველი ელექტრომობილის პოპულარიზაციას და დღეისთვის ის მომავლის მანქანად მოიაზრება.

გაუმჯობესებული ტექნოლოგია:

ბოლო ათი წლის მანძილზე ელექტრომობილის ბატარეა, განსაკუთრებით ლითიუმ-იონის ბატარეა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: გაიზარდა მისი ეფექტურობა, რამაც მანქანის მფლობელს უფრო დიდ მანძილებზე გადაადგილების საშუალება მისცა, შემცირდა ბატარეის ზომა და წონა და, რაც მთავარია, მისი ღირებულება. ამავდროულად, დამტენების ტექნოლოგიაც წინ წავიდა და დამტენების ქსელის გაფართოებამ მეტი „თავდაჯერებულობა“ შესძინა ელექტრომობილის მფლობელებს.