მანქანა რომელიც მზის ენერგიის გამოყენებით გადაადგილდება – საკმაოდ კარგად და საინტერესოდ ჟღერს, თუმცა, არის თუ არა ეს კონცეფცია ასეთივე კარგი პრაქტიკაში?

განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესი გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ძალიან იზრდება. კომპანიები ცდილობენ შექმნან მეტი ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს ეკოლოგიაზე დადებითან იმოქმედებს. საავტომობილო კომპანიები მუშაობენ ახალ კონცეფციაზე და სურთ, რომ მზის ენერგეტიკის გამოყენება იყოს წამყვანი მიმართულება ელექტრომობილების ინდუსტრიაში.

ელექტომობილს, რომელიც მზის ენერგიას იყენებს დასამუხტად, აქვს მზის პანელი, რომელიც მზის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად და აწვდის მანქანის ელემენტს. გარდა გამონაბოლქვის პრობლემის მოგვარებისა, ასეთი ელექტრომობილები ამცირებენ ხმაურით დაბინძურებასაც. დღესდღეობით, სოლარული მანქანების ბევრი პროტოტიპი მუშავდება და ხდება მათი ტესტირება. ზოგიერთი კომპანია მუშაობს ჰიბრიდულ სოლარულ მობილებზეც. არსებობს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2020 წელს მზის ელექტრომობილების ბაზარი 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გარდა ტექნოლოგიური სირთულეებისა, სოლარული ელექტრომობილების დიზაინიც საკმაოდ დიდი გამოწვევაა მწარმოებლებისთვის. მზის პანელის ფორმა უნდა ერგებოდეს ელექტრომობილის დიზაინს, რათა დახვეწილი ვიზუალი ჰქონდეს. აგვისტოში ჰიუნდაიმ გამოუშვა ახალი Sonata HEV, რომელსაც მზის პანელი აქვს სახურავზე. მათი განცხადებით, ეს ელექტრომობილი სამხრეთ კორეის ბაზრისთვის არის განკუთვნილი. კორეაში წარმატებული გაყიდვების შემდეგ კი აშშ-ს ბაზარზეც გამოჩნდება. ყველაზე სწრაფი ელექტრომობილი არის Sunswift IV, რომლის პროტოტიპიც University of New South Wales-ის სტუდენტების მიერ შეიქმნა.

საქართველოში მზის ენერგეტიკის სფერო საკმაოდ სწრაფად ვითარდება და დღითიდღე იზრდება დაინტერესება ამ საკითხის მიმართ. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ არსებობენ ადამინები, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მოსახლეობის ინფორმირებას განახლებადი ენერგიების შესახებ. სულ რაღაც 2 თვის წინ, Helios Energy Georgia-მ წამოიწყო ახალი პროექტი – ჰელიოს აკადემია. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისწავლოს მზის ენერგეტიკის, განახლებადი ენერგიების და ელექტრომობილების ინდუსტრიის შესახებ. აქ მიღებული ცოდნა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკულიცაა. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ნახონ როგორ ხდება მზის ელექტროსადგურის ინსტალაცია ან მოინახულონ მზის პანელების საწარმო.