Nissan Leaf-ის და Toyota Prius-ის სამშობლო ბევრად უსწრებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს ელექტრომობილობაში. რა შეიძლება, რომ ვისწავლოთ იაპონიის მაგალითზე?

იაპონია არ გამოირჩვა ნავთობის ბუნებრივი რესურსებით, ამიტომ საკმაოდ ლოგიკურია, რომ ქვეყანამ გეზი ელექტრომობილობისკენ აიღო. ეს ყოველივე ჯერ კიდევ 1947 წელს დაიწყო – მაშინ როდესაც წარმოებაში ჩაეშვა პირველი იაპონური ელექტრომობილი Nissan Tama. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ომისშემდგომი იაპონია ნავთობის კრიზისს განიცდიდა, ელექტრომობილმა მოიპოვა საკმაო პოპულარობა ადგილობრივ ბაზარზე.

ამ მოვლენიდან თითქმის 50 წლის შემდგომ, იაპონურმა ავტოინდუსტრიამ გამოუშვა ლეგენდარული Toyota Prius, რომლის გაყიდვებიც 3,5 მილიონს აჭარბებს და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მცირეგამონაბოლქვიანი მანქანის სტატუსს ანიჭებს.

კიდევ ერთი პოპულარული „იაპონელი“ Nissan Leaf-ია. მისი წარმოების დაწყებიდან სულ რაღაც 8 წელია გასული და ამ დროში, მსოფლიო მასშტაბით, გაყიდულია 300,000-ზე მეტი ერთეული. იაპონიაში კი, 2017 წელს Nissan Leaf-მა გაუსწრო გაყიდვებში ყველა დანარჩენ plug-in (დასატენ) მანქანას, მათ შორის Mitsubishi Outlander-ს და Prius Hybrid-ს. ჯერ მხოლოდ 2016 წელს იაპონელებმა შეიძინეს დაახლოებით 20,000 ელექტრომობილი. 2030 წლის პროგნოზი კი ვარაუდობს, რომ ეს გაყიდვები ყოველწლიურად 210,000 ერთეულს მიუახლოვდება.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ზოგადად მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია, ქვყანას დაგეგმილი აქვს, რომ სრულად გადავიდეს ელექტრომობილებზე 2050 წლისთვის.

ელექტრომობილების გაყიდვების დიდი მოცულობა სამთავრობო ინიციატივებითაც არის განპირობებული.

ჯერ კიდევ 1990-იანი წლების შუაში იაპონიის მთავრობამ შეიმუშავა იმ დროისთვის არნახული შეღავათების პროგრამა ელექტრომობილობის პოპულარიზაციისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში, ელექტრომობილის მფლობელს მანქანის ღირებულების 50%-ს უნაზღაურებდა სახელმწიფო. იაპონიაში არსებული ეხლანდელი შეღავათები, ცხადია, უფრო მცირეა, თუმცა მაინც გამოირჩევა ბევრ ქვეყანასთან შედარებით: მაგალითად, 2016 წელს შემუშავებული შეღავათების მიხედვით, 30-kWh Nissan Leaf-ის მფლობელს ეკუთვნის 3,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. ელექტრომობილის ფასის სუბსიდირება მზარდია და გამომდინარეობს მისი ბატარეის მოცულობიდან, მაგრამ არ აღემატება 7,700 აშშ დოლარს.

„მწვანე მანქანის“ სუბსიდიების პროგრამის ფარგლებში, ელექტრომობილის მფლობელი, ასევე თავისუფლდება მთელი რიგი გადასახადებისგან, ან მხოლოდ მათ მცირე ნაწილს იხდის.

დამტენების ინფრასტრუქტურა – ეს ის გადამწყვეტი ფაქტორია, რამაც განაპირობა ელექტრომობილების ასეთი პოპულარობა იაპონიაში. ამჟამად, ქვეყნის ტერიტორიაზე მეტი ელექტრომობილის დამტენია, ვიდრე ბენზინგასამართი სადგური. 2016 წლის მდგომარეობით იაპონიაში იყო 40,000 ელექტრომობილის დამტენი და 34,000 ბენზინგასამართი სადგური. შედარებისთვის: აშშ-ში დამტენების რაოდენობა დაახლოებით 9,000 ერთეულს შეადგენს, ხოლო ბენზინგასამართების – 114,000-ს. უფრო მეტიც, იაპონიის მთავრობის მიზანია, რომ ყოველ 15 კილომეტრში ერთი ელექტრომობილის დამტენი იყოს დამონტაჟებული.

იაპონელები ასევე საკმაოდ კრეატიულები აღმოჩნდნენ ლითიუმ-იონის ბატარეების გადამუშავების საკითხშიც. პირველად წარმოებული ელექტრომობილები ნელ-ნელა უახლოვდება ექსპლუატაციის ვადის დასასრულს. ელექტრომობილების „ვადაგასული“ ბატარეების გადასამუშაველად კი იაპონიაში გაიხსნა სპეციალური ქარხნები, სადაც მოხდება ძველი ბატარეების აღდგენა და მათი გაყიდვა ნახევარ ფასად. კიდევ ერთი კრეატიული იდეა არის ძველი ბატარეების გამოყენება ქუჩის გასანათებლად: მათი კომპონენტებით განათდა ქალაქი ნამიეს ქუჩები, რომელიც 2011 წლის მიწისძვრის დროს დაზარალდა. Toyota კი ძველ ლითიუმ-იონის ბატარეებისგან ამზადებს ნაწილებს ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელის მაცივრებისთვის და ქურებისთვის.